აბო თბილელი (ძვ. ქართ. ჰაბო ტფილელი; დ. დაახლ. 756 — გ. 6 იანვარი, 786) — ქრისტიანობისათვის წამებული არაბი, ნერსე ქართლის ერისმთავრის მსახური, ნელსაცხებელთა ოსტატი, წმინდანი [ხსენების დღე — 8 (21) იანვარი].
წმინდანი ბაღდადიდან ქართლში ჩამოჰყვა ნერსეს. აბო გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით; იგი სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღვდელოებას, ლოცულობდა მათთან ერთად და მარხულობდა. შემდეგ ქართლიდან დევნილ ერისთავს თან გაჰყვა ხაზარეთში, სადაც ქრისტიანობა მიიღო.
აბო თან გაჰყვა არაბთა რისხვას განრიდებულ ერისმთავარს აფხაზეთში.
იგი მადლობდა ღმერთს, რომ იხილა ადგილი, სადაც ყველა ქრისტიანი იყო და ერთი პირითა და ერთი გულით ადიდებდა შემოქმედს.